G20-ის სამიტი

რუსეთი ამბობს, რომ G20-ის სამიტზე "უმაღლეს დონეზეა" მიწვეული

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი G20-ის ვირტუალურ სამიტზე ჩართვისას
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი მიწვეულია "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე, რომელიც 14-25 დეკემბერს აშშ-ს ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართება.

პასუხად კითხვაზე, ვინ წარმოადგენს რუსეთს სამიტზე, პანკინმა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სიცხადე ღონისძიების თარიღთან ახლოს იქნება.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში და 2023 წელს ინდოეთში გამართულ G20-ის სამიტებს, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრო. პუტინი არ დაესწრო არც 2024 წელს ბრაზილიაში გამართულ  და 2025 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტებს.

აღსანიშნავია, რომ პუტინს შეუძლია აშშ-ში ჩასვლა, რადგან ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა არ არის.

G20 მთავრობათშორისი ფორუმია, რომელიც 1999 წელს დაარსდა. სამიტზე გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თავს იყრის მსოფლიოს 20 ყველაზე დიდი ეკონომიკა - ქვეყნებისა და კავშირების სახით.

კომენტარები