G20-ის სამიტი

უკრაინაზე რუსეთის პოზიციის იგნორირების შემთხვევაში, მოსკოვი G20-ის დეკლარაციას დაბლოკავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ G20-ის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში უკრაინასა და სხვა საკითხებზე მოსკოვის პოზიცია არ აისახება, რუსეთი დოკუმენტს დაბლოკავს.

"არ იქნება ზოგადი განცხადება ყველა წევრის სახელით, თუ ჩვენი პოზიცია არ აისახება". - უთხრა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებს.

მან დასავლეთი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თუ G20-ის ქვეყნები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, შესაძლოა, სამიტის ბოლოს არასავალდებულო კომუნიკე გამოქვეყნდეს.

"კიდევ ერთი ვარიანტი არის დოკუმენტის მიღება, რომელიც G20-ის კომპეტენციების სფეროებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება ფოკუსირებული და დანარჩენი ყველამ თავისი სახელით თქვას". - დასძინა ლავროვმა.

G20-ის სამიტი, რომელსაც წელს ინდოეთი უმასპინძლებს, 9 და 10 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ჰააგის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია, არ დაესწრება და მის მაგივრად ნიუ-დელიში სერგეი ლავროვი ჩავა.

კომენტარები