G20-ის სამიტი

G20-ის სამიტის მაიმუნებისგან დასაცავად ინდოეთში ზომებს იღებენ

ცოცხალი ლანგურის ზომის ამოჭრილი ფიგურა
PTI

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში G20-ის სამიტის მიმდინარეობისას ღონისძიებების ჩასატარებლად განკუთვნილი დაწესებულებების მაიმუნებისგან დასაცავად ზომებს იღებენ.

ქალაქის სხვადასხვა წერტილში ნაცრისფერი ლანგურის ცოცხალ ზომაზე ამოჭრილ ფიგურებს ამაგრებენ. ლანგური მაიმუნების აგრესიული, გრძელი კუდისა და მუქი ფერის სახის მქონე სახეობაა. ველურ ბუნებაში ისინი უფრო მცირე ზომის მაიმუნებს აფრთხობენ.

გარდა ამისა, ლანგურის ფიგურების "გასახმოვანებლად" სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სასტუმროებთან, სადაც ქვეყნების დელეგაციები განთავსდებიან, ცხოველების ბგერების მიბაძვაში გაწვრთნილი ადამიანების განლაგება იგეგმება.

ნიუ-დელის ხელისუფლება მაიმუნებისთვის საჭმლის მიცემასაც გეგმავს, რათა მათ თვითონ არ დაიწყონ საკვების საძებნელად ქალაქში ხეტიალი.

აქამდე ინდოეთში მცირე ზომის მაიმუნების დასაფრთხობად ნამდვილ ლანგურებსაც იყენებდნენ, თუმცა, ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტების პროტესტის შემდეგ ამ მიზნით ცხოველების გამოყენება შეწყდა.

ინდოეთის დედაქალაქში მაიმუნების დიდი პოპულაცია ცხოვრობს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიღებული ზომები სამიტის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საკმარისი იქნება.

G20-ის ქვეყნების ლიდერები ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს შეიკრიბებიან.

კომენტარები