პატრიარქის არჩევნები

მეუფე დავითის თქმით, სინოდს საპატრიარქო კანდიდატები სამომავლო ხედვას გააცნობენ

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
კადრი ვიდეოდან/საზოგადოებრივი მაუწყებელი

აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პატრიარქის არჩევის პორცედურები განმარტა. როგორც მეუფე დავითი ამბობს, ეპისკოპოსების მხრიდან პოზიციების გამოხატვა წმიდა სინოდის სხდომაზე მოხდება. 

"არ მგონია რომ რაიმე სირთულე იყოს, მოხდება კანდიდატების წარდგენა, რომელსაც სინოდის მთელი კრებული, დასი მოისმენს და ამის შემდეგ უკვე წარდგენილი კანდიდატები, ასე ვთქვათ, იტყვიან, თუკი მათი გამარჯვება მოხდება, როგორ ფიქრობს, რომ ეკლესიას უწინამძღვროს, რას გულისხმობს პირველ რიგში გასაკეთებლად". - განაცხადა მეუფე დავითმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: "წმინდა სინოდის სხდომაზე მოხდება მათი მოსმენა?" აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა უპასუხა: "დიახ, ასე მოხდება".

"გაფართოებულ კრებაზე, უკვე როცა გამოცხადდება ის სამი კანდიდატი, შეიძლება დელეგატებიდან რომელიმეს სურვილი ჰქონდეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას, თუნდაც განსხვავებული აზრი - მიეცემათ მათაც ამ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მაგრამ ეს მაინც კრებაზე მოწვეული ადამიანების ხმა იქნება სათათბირო, რომელსაც შემდეგ სინოდის წევრები განვიხილავთ და ამ შეჯერებული, შეჯამებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდება არჩევანის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ ხმათა უმრავლესობა ექნება ერთს, გასაგებია არჩევანიც. თუ ამ სამიდან ორს მაინც ექნება თანაბარი ხმა ან მესამეს ყველაზე ნაკლები, მაშინ ამ ორს შორის მოხდება შემდეგი კენჭისყრა.

ასე რომ, ეს გამორჩევა ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთის თავის თავში სირთულეს მაინც შეიცავს, რადგან მღელვარება დიდია, მაგრამ არაფერი ისეთი, რომ ეს სულისკვეთება - მშვიდობიანად, ერთობით მოხდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება - ამას ვფიქრობ, რომ არაფერი წინ არ აღუდგება, ისე რომ დააზიანოს". - ამბობს მიტროპოლიტი. 

ჟურანლისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა გაფართოებულ კრებას წმინდა სინოდმა ერთი კანდიდატი წარუდგინოს, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია" ერთი ან ორი კანიდატის წარდგენაც, მაგრამ არ ჰგონია რომ ასე მოხდეს.  

კომენტარები