ინფლაცია საქართველოში

თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით  2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • თევზეული - 21.2%;
  • ხილი და ყურძენი - 13.4%;
  • პური და პურპროდუქტები - 9.6%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.6%;
  • ზეთი და ცხიმი - 7.7%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 5.3%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 4.9%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 4.5%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 3.8%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 2.1%;

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:

  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 9.8%;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7.5%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.0%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6.2%;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 4.2%;
  • ტრანსპორტი - 4.0%;
  • განათლება - 2.4%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.6%;

ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა - 4.3%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 3.2%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 1.5%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.8%.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა მწარმოებლებს, კომპანიების წარმომადგენლებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა.

4 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტმა სურსათზე, წამლებსა და საწვავზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაამტკიცა.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების - სვანეთი, დილა, კოდა და კუმისი - 6 თებერვლის განცხადებით, მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს 5%-ით შეამცირებდნენ. კომპანიების ცნობით, გადაწყვეტილება ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს.

თუმცა 31 მარტს ბიზნესპრესნიუსთან ინტერვიუში, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, რომ "თუ პროცესები ასე გაგრძელდება, მგონი, კვერცხის გაძვირება 5%-ზე მეტითაც მოგვიწევს." 

კომენტარები