ფასების შემსწავლელი კომისია

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. 

სუს-ის თანამშრომლები იყვნენ დეილი ჯგუფის სათავო ოფისში, რომელიც აერთიანებს შემდეგ მარკეტებს: სპარს, მაგნიტს, გვირილას, იოლს, კალათას და დეილის

"კი ბატონო, ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. თუმცა, სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის. ამ ეტაპზე ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში გავაჟღერებთ". - თქვა TV პირველთან საუბარში დეილი ჯგუფის წარმომადგენელმა.

სუს-ის თანამშრომლების შესვლას ადასტურებს კიდევ ერთი ქსელური მარკეტის, აგროჰაბის დირექტორიც.

"სუს-ის ანტიკორუფცული სამსახურიდან იყვნენ მოსულები. წინასწარ დაგვირეკეს, ოფისში თუ ხართ, გვინდა, რაღაც საკითხები გავიაროთო და მოვიდნენ [...] დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს [...] შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ [...]

რაღაცები თარიღების მიხედვით არის გასაკეთებელი, დოკუმენტაციას გავამზადებთ და მივაწვდით [...]  მაღალ ფასებთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ და რაზეც საუბრობენ ეს ბოლო პერიოდია, მაგასთან არის კავშირში". - უთხრა TV პირველს აგროჰაბის დირექტორმა.

სუს-ის თანამშრომლები სადისტრიბუციო კომპანია დაფნაშიც იყვნენ შესულები. ეს ინფორმაციაც მათმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

ტაბულამ ინფორმაცია სუს-ში გადაამოწმა. უწყებაში გვითხრეს, რომ ათობით განჩინების საფუძველზე დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის.

გუშინ, 21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები