მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების - სვანეთი, დილა, კოდა და კუმისი - განცხადებით, მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
კომპანიების ცნობით, კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირების გადაწყვეტილება ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს.
"მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილებას იღებენ.
"სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" - აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
(ფასის შემცირება 5%-იანი იქნება) აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.
4 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტმა სურსათზე, წამლებსა და საწვავზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაამტკიცა.





