მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო

მზია ამაღლობელი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. 

გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ლევან თევზაძის, მერაბ გაბინაშვილის და მამუკა ვასაძის შემადგენლობით მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო დავა დასრულებულია, მისი გასაჩივრება საქართველოში შეუძლებელია.

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის, ნანა ჯოხაძისა და მარინა სირაძის შემადგენლობით, მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა.  

6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს რეჟიმი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პირველ ინსტანციაში მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები