ავღანეთი-პაკისტანი

პაკისტანში ავღანეთის საზღვართან მომხდარ ტერაქტს 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა

Reuters

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით სამხედრო ავტოკოლონას დაეჯახა, რასაც ორი ჯარისკაცი, მათ შორის, ერთი ვიცეპოლკოვნიკი ემსხვერპლა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების მიხედვით, თავდასხმა ხაიბერ-პახტუნვას პროვინციაში, ბანუს ოლქში მოხდა.

თავდასხმაზე არცერთ ჯგუფს პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, როგორც Washington Post აღნიშნავს, ხელისუფლება ეჭვს სავარაუდოდ პაკისტანის თალიბანზე მიიტანს, რომელსაც წარსულში ავღანეთში ტერაქტები მოუწყვია.

პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნაა "არანაირ თავშეკავებას არ გამოავლენს" და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ოპერაციები "მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად" გაგრძელდება.

ტერაქტამდე ორი დღით ადრე პაკისტანმა ქვეყანაში ავღანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარა და საყვედური გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ავღანეთის საზღვართან, ბაჯაურის ოლქში მომხდარ ტერაქტს 11 პაკისტანელი ჯარისკაცი და ერთი გოგო ემსხვერპლა. 

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, მამაკაცი, რომელმაც ბაჯაურში ტერაქტი მოაწყო, ავღანეთის მოქალაქეა. 

ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში პაკისტანსა და ავღანეთის შეტაკებებს სასაზღვრო ხაზთან ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

17 ოქტომბერს ქვეყნების საზღვარზე სავარაუდოდ ავღანელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 7 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ  პაკისტანი და ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაცია ცეცხლის დროებით, 48 საათით, შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს.

გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა. 

 

 

კომენტარები