27 თებერვლის ღამეს პაკისტანმა ავღანეთში თალიბანის სამთავრობო შენობებზე იერიში მიიტანა. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა კონფლიქტს "ღია ომი" უწოდა.
პაკისტანის უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ სარაკეტო იერიშები ქაბულში, ყანდაარსა და ფაქთიაში თალიბანის სამთავრობო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას მოიცავდა, ასევე ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ მრავალ სექტორში სახმელეთო შეტაკებებს.
თალიბანმა განაცხადა, რომ მან პაკისტანის სამხედრო პოზიციებზე საპასუხო იერიშები მიიტანა.
ორივე მხარე ირწმუნება, რომ იერიშების შედეგად მძიმე დანაკარგები მიიღეს, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით რთულია.
"ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ეს ღია ომია ჩვენსა და თქვენ შორის" - მიმართა ავღანეთს პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამად ასიფმა.
ცნობისთვის, ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი დავის გამოა დაძაბული, რომელიც პაკისტანის ბრალდებას უკავშირდება, რომ ავღანეთი ტერორისტებს თავშესაფარს აძლევს, რომლებიც საზღვრის გადაღმა თავდასხმებს ახორციელებენ. თალიბანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პაკისტანის უსაფრთხოება მისი შიდა პრობლემაა.





