პაკისტანისა და ავღანეთის მხარეებმა 12 ოქტომბერს განაცხადეს, რომ სასაზღვრო შეტაკებების შედეგად ათობით მებრძოლი დაიღუპა. ეს არის ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.
პაკისტანის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შეტაკებებს მათი 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ხოლო თალიბანმა თქვა, რომ მათ მხარეს 9 მებრძოლი დაიღუპა.
დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს. თალიბანი უარყოფს, რომ პაკისტანელი მებრძოლები ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პაკისტანიც და ავღანეთიც აცხადებს, რომ მეორე მხარეს გაცილებით მეტი დანაკარგი აქვს, თუმცა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენიათ. პაკისტანის მტკიცებით, შეტაკებების დროს 200-ზე მეტი ავღანელი თალიბი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ავღანეთი ირწმუნება, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს.
პაკისტანელმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ პაკისტანმა ავღანეთთან დურანდის სადავო ხაზზე, 2 600 კმ სიგრძის საზღვარზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაკეტა.
ავღანელმა სამხედროებმა პაკისტანის სასაზღვრო პოსტებს შაბათს გვიან ღამით გაუხსნეს ცეცხლი.
ქაბულმა განაცხადა, რომ თავდასხმები მას შემდეგ შეაჩერეს, რაც კატარმა და საუდის არაბეთმა შეტაკებების გამო შეშფოთება გამოხატეს.
გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა.
პაკისტანელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ შეტაკებები საზღვრის გასწვრივ, სულ მცირე, ხუთ ადგილზე მოხდა და დაამატეს, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალები თალიბანს საპასუხო ცეცხლით პასუხობენ.





