საქსტატი

საქსტატის ხელმძღვანელად ერთი და იგივე პირის ორზე მეტჯერ დანიშვნა შესაძლებელი გახდება

საქსტატი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქართული ოცნება "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება ორზე მეტჯერ დაინიშნოს. 

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორები არიან ივანიშვილის დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი.

კანონპროექტის თანახმად,  "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონიდან მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი "აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს ორჯერ" უნდა ამოიღონ. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, "ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე, და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე". 

ინიცირებული ცვლილებებით შესაძლებელი ხდება ერთი და იგივე პირი საქსტატის ხელმძღვანელად ოჯზე მეტი ვადით დაინიშნოს. 

"მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით. აღნიშნული ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე, და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ აუქმებს კონტროლის მექანიზმებს, აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა კვლავ განხორციელდება დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის, ღია კონკურსის და საქართველოს პარლამენტის თანხმობის საფუძველზე". - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის
საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერი პარლამენტის თანხმობით. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2018 წლის მაისიდან გოგიტა თოდრაძე იკავებს, აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მას პოსტზე ყოფნის ვადა მიმდინარე წელს ეწურებოდა. 

კომენტარები