ფასების შემსწავლელი კომისია

კობახიძე სამთავრობო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომა გაიმართა. 

ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

"პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი.

ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები.

ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე". - განაცხადა კობახიძემ ადმინისტრაციის ცნობით. 

ადმინისტრაციის განცხადებით, მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები