ფასების შემსწავლელი კომისია

დეილი ჯგუფი: მინიმალური სავაჭრო მარჟით შევქმნით პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას

დეილი ჯგუფის განცხადებით, რომელიც მაღაზიათა ქსელებს: დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს აერთიანებს, შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება.

მათივე განცხადებით, "ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური".

"რითეილ ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.

ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით.

ჩვენი მიზანია:

  • შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე
  • შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე
  • გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე

პროექტის ფარგლებში:

  • შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა
  • მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები)
  • ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური

ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს — ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან — მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან — თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.

„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას" - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პარლამენტმა ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მიიღო. დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.

ივანიშვილის დეპუტატის, კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში "აგრესიული ჩარევა არ მოხდეს".


რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები