ივანიშვილის დეპუტატის, ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის თავმდჯომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია.
"2025 წელს საკვებ პროდუქტებზე მაღალი ინფლაცია იყო. ჩვენი ინიციატივა იყო, შეგვესწავლა, ამ პროცესს რა იწვევს და გაძვირება რატომ მოხდა. პირველ რიგში, ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია [...]
კომისიის დასკვნა ძალიან სიღრმისეული იყო. პირადად მე დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორად დავსვით [...] ძალიან მოხარული ვარ და მინდა, მადლობა ვუთხრა ქსელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს, რომლებმაც საოჯახო კალათა შექმნეს - ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 15 საბაზისო პროდუქტზე მომხმარებლებს საუკეთესო ფასები შესთავაზეს. შევამოწმე და ისეთი საუკეთესო ფასები შესთავაზეს, აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა". - თქვა ბერეკაშვილმა ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
13 მაისს, ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.
ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და 1-ელ მაისს საბოლოო დასკვნა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.




