ბრიტანულ გაზეთ Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ჯონსონმა გრენლანდიის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აშშ-ს გრენლანდიის მოსახლეობის მიმართ "ბოროტი განზრახვა" არ აქვს.
ინტერვიუში ჯონსონმა აღნიშნა, რომ "ცხადია, ჩვენ გრენლანდიელი ხალხის მიმართ ბოროტი განზრახვა არ გვაქვს. ეს მეგობრობაა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება."
ხოლო კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტ ტრამპს, რომ აშშ-ს გრენლანდიაზე პრეტენზია აქვს, ჯონსონი პასუხობს, რომ აშშ-ს "დიდი ინტერესი" აქვს. "ჩვენთვის მას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მისი ადგილმდებარეობის გამო". - განმარტავს ჯონსონი.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სიახლე არ არის - ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტები ამის შესახებ ტრუმენის დროიდან ლაპარაკობენ და ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს მოწყობა." - დაამატა მან.
იანვრის დასაწყისში სპიკერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო მოქმედებები "არ იქნებოდა მიზანშეწონილი". მიმდინარე კვირაში NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გრენლანდიაში მცირე რაოდენობის სამხედროები გაგზავნეს, რასაც ჯონსონი 16 იანვარს მიესალმა.
"ეს მოვლენების პოზიტიურ განვითარებად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან ამის ხაზგასმამ საკითხისადმი ჩვენი მოკავშირეების ყურადღება მიიქცია." - განაცხადა მან.თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს დაწერა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
ამასთანავე, ტრამპმა დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
ტრამპის თქმით, ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ცნობისთვის, 14 იანვარს დანიისა და გრენლანდიის დიპლომატებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის რჩება "ფუნდამენტური უთანხმოება".
მომდევნო დღეს ბელგიაში აშშ-ს ელჩმა, ბილ უაითმა განაცხადა, რომ აშშ და გრენლანდია, სავარაუდოდ, გარკვეული სახის სასარგებლო შეთანხმებას გააფორმებენ.
"მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და დანიის პრემიერმინისტრს შორის პროდუქტიული სამუშაო ჩარჩო იქნება და ეს უფრო უსაფრთხო გრენლანდიამდე მიგვიყვანს." - თქვა უაითმა Bloomberg Radio-სთან ინტერვიუში.
ბილ უაითის თქმით, არ შეიძლება გრენლანდიის "სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობის" სათანადოდ ვერშეფასება და დაამატა, რომ კუნძულის შესახებ უსაფრთხოების მხრივ აშშ-ს მღელვარება ზედმეტად სენსიტიურია საჯაროდ ასახსნელად.
ხოლო Bloomberg TV-სთან ინტერვიუში უაითმა ისიც თქვა, რომ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, შესაძლოა, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან დაპირისპირების გამო მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში სარგებელიც ნახოს.
მანამდე, 12 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს არ დაამყარებს, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს, რასაც ის არ დაუშვებს.
"მე ვცდილობ მათთან შეთანხმების დადებას, ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ". - თქვა მან.
ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.
თავის მხრივ, დანიასა და გრენლანდიაში ნათქვამი აქვთ, რომ კუნძული არ იყიდება. მათ ასევე დაგმეს გრენლანდიაში აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესახებ გავრცელებული ცნობები.
ამასთანავე, ბოლო კვირებში გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემის მისწრაფებებზე საუბრის დროს თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა და თქვა, რომ "სამხედრო გზა ყოველთვის ვარიანტია"





