ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებმა სოლთანის ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და შეატყობინეს, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმება.
"დაკავების საგანგაშო სისწრაფე, მისჯა და სასიკვდილო განაჩენის აღსრულების თარიღის გამოცხადება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სათანადო პროცესის არარსებობასა და ე.წ. "დაჩქარებული სასამართლოების" აღმოცენებაზე — სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა, დემონსტრანტების სწრაფი და მასშტაბური სიკვდილით დასჯა გამოიწვიოს." - წერს IHRDC.
ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირი (NUFDI) ასევე წერს, რომ რეჟიმმა სოლთანის ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცა.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.





