ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
ფიფიას ინფორმაციით, ისაუბრეს "იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა". პოსტში ნათქვამია, რომ "გლობალისტები" ებრძვიან ქრისტიანობას და საქართველოს გადარჩენაში უდიდესი როლი ეკლესიას და პატრიარქს უკავიათ.
"გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემო მეგობრებო უფლის მადლი და შობის სასწაული მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს, რადგან ეს ახლა ყველაზე ძალიან გვჭირდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით ყოველთვის იყო, არის და იქნება ყურადღების და მუდმივი საფრთხის ეპიცენტრში. ჩემი რიგით მეოთხე და ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა პატრიარქთან, უწმინდესის ლოცვა და სიყვარული გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს. ვისაუბრეთ თუ რა დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს პატრიარქს, დედა ეკლესიას - ქრისტიანობას.
ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან!
არავისთვის არის დაფარული რომ გლობალისტები ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე სათუთს და სულიერ საზრდოს, ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში.
ებრძვიან პატრიარქს, თავს ესხმიან სასულიერო პირებს. იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს, საქართველო გაძლიერდეს საქართველო გამთლიანდეს ქართულ ეკლესიას უდიდესი როლი აქვს, რადგან საუკუნეების მანძილზე სწორედ ქრისტიანობამ იხსნა ჩვენი სამშობლო არაერთი მტრისგან, არაერთი განსაცდელისგან. ათეული წლებია ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი პატრიარქი უდგას სათავეში ჩვენს ეკლესიას და ვინ თუ არა მან ყველაზე კარგად იცის თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი სამშობლო, თუ რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ...
ისტორიულად ჩვენ ქართველები ვართ ილორის ეკლესიის საძირკველის მეპატრონეები.
თუ იბერიას არ ვუპატრონეთ იბერიელებმა ღვთის ხატთან მისვლა შეგვრცხვება ყველას კონსოლიდებულმა ერმა და ბერმა, ერთად მშვიდობიანად უნდა გადავლახოთ ენგურის ხიდი.
უფალი იყოს ჩვენი მფარველი, უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს - მფარველი.
P.S. დიდი მადლობა უწმინდეს და უნიტარეს პატრიარქს საჩუქრებისთვის". - წერს ფიფია.
აქამდე, სექტემბერში, მამუკა ფიფია, სეზონი TV-ს დამფუძნებელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან და კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმართან, პაატა აბულაძესთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში იმყოფებოდნენ და მარიონეტ ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდნენ. ოქტომბერში კი ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა.
ჟენევის დისკუსიების ლოკაციის ცვლილებაზე წარსულში თავად რუსი მაღალჩინოსნები და სეპარატისტი მარიონეტები საუბრობდნენ. ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობდა, რომ შესაძლო ახალ ლოკაციად სერგეი ლავროვთან საუბრის დროს მინსკს განიხილავდნენ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, მათმა წარმომადგენლებმა წარსულში ასევე ახსენეს დისკუსიების მინსკში გადატანის სურვილი, თუმცა, რადგან აქ გაეროს ცენტრი არაა, აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.
ფიფიას აზრს, რომ "შვეიცარიამ ნეიტრალურობა დაკარგა" და ჟენევის მოლაპრაკებების ლოკაციის ცვლილებაა საჭირო, იზიარებს ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინიც, რომელთან საკითხის განხილვის პირობაც ზახაროვამ დადო. საგარეო მინისტრის მოადგილემ ეს სიტყვები წარსულში თავად თქვა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
გასულ წელს პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ინიციატივით გამოვიდა.





