საქართველო-რუსეთი

ფიფია ზახაროვას შეხვდა და ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა

მარია ზახაროვა და მამუკა ფიფია  

საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, მამუკა ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას შეხვდა და მასთან ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ზახაროვასთან გადაღებული ფოტო ფიფიამ თავად გამოაქვეყნა. რაც შეეხება საუბრის შინაარს, მან კომენტარი რადიო თავისუფლების პროექტ Эхо Кавказа-ს მისცა.

ეხო კავკაზას ცნობით, ფიფიამ თქვა, რომ ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა, რადგან "შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა აღარაა".

"ჩქარა უნდა ვიმოძრაოთ [ამ მიმართულებით], რადგან ხდება ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოხდეს. და ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ შანსს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე." - თქვა ფიფიამ ეხო კავკაზასთან საუბარში ისე, რომ არ დაუზუსტებია რა იგულისხმა "რაღაცებში".

ფიფიას თქმით, ზახაროვამ პირობა მისცა, რომ ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და მის მოადგილე მიხაილ გალუზინთან განიხილავს. მისივე მტკიცებით, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს "შინაგანი ბრძოლა", "აღიაროს თუ არ აღიაროს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა.

"ამიტომ, მოლაპარაკებების მინსკში გადატანა ჩვენთვის კარგია. რუსები შვეიცარიასთან ერთად ჩვენთვის არაფერს კარგსა და სასარგებლოს არ გააკეთებენ. ბელარუსის პრეზიდენტი კი ჩვენი მოკავშირეა. გასაგებია, რომ ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს. მაგრამ ის მაინც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ერთგული რჩება". - თქვა ფიფიამ და დაამატა, რომ მისი აზრით, შეხვედრების საუკეთესო ადგილი თბილისი, ცხინვალი, სოხუმი და მოსკოვი იქნებოდა.

ფიფია ზახაროვას შეხვდა მაშინ, როცა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი პოდკასტი ეროვნული ერთობის კლუბის ჩაწერაზე მივიდა.

ჟენევის დისკუსიების ლოკაციის ცვლილებაზე წარსულში თავად რუსი მაღალჩინოსნები და სეპარატისტი მარიონეტები საუბრობდნენ. ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობდა, რომ შესაძლო ახალ ლოკაციად სერგეი ლავროვთან საუბრის დროს მინსკს განიხილავდნენ. 

რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, მათმა წარმომადგენლებმა წარსულში ასევე ახსენეს დისკუსიების მინსკში გადატანის სურვილი, თუმცა, რადგან აქ გაეროს ცენტრი არაა, აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.

ფიფიას აზრს, რომ "შვეიცარიამ ნეიტრალურობა დაკარგა" და ჟენევის მოლაპრაკებების ლოკაციის ცვლილებაა საჭირო, იზიარებს ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინიც, რომელთან საკითხის განხილვის პირობაც ზახაროვამ დადო.  საგარეო მინისტრის მოადგილემ ეს სიტყვები წარსულში თავად თქვა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

კომენტარები