მამუკა ფიფია

ფიფია პუტინს: გთხოვთ, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან

პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის პუტინს საქართველოსთვის რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის მიმართა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო RIA Novosti ავრცელებს სათაურით "სრულად გააუქმეთ - საქართველო პუტინს მიუბრუნდა". 

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოგმართავთ თხოვნით, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის". - თქვა პრორუსული პარტიის ლიდერმა და ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ პუტინისადმი მიმართვაში

ფიფიამ პუტინს ამნისტიის გამოცხადებაც სთხოვა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე რუსეთში დარჩენის წესები დაარღვიეს და დეპორტირდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ფიფია რუს დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან დაახლოებული რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. ერთი წლის წინ იგი პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შეუშვა, რის შემდეგაც ფიფიამ საკუთარ Instagram-გვერდზე დეპუტატის კაბინეტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ამავდროულად, ფიფია დაახლოებულია პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერთან, ფრიდონ ინჯიასთანაც, რომელსაც ეკუთვნის ანტი-ლგბტ კანონის ინიციატივა. რამდენიმე დღის წინ ფიფიამ სოციალურ ქსელში, ინჯიასთან ერთად მოსკოვში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ჩემი მხარდაჭერა გეი პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს".

კომენტარები