უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, შესთავაზა, რის შემდეგაც ბუდანოვმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ზელენსკის წინადადებას დათანხმდა.
შედეგად, ბუდანოვი ზელენსკის დიდი ხნის ნდობით აღჭურვილ პირს, ანდრიი ერმაკს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა ნოემბერში, კორუფციის სკანდალის ფონზე, დატოვა. თუმცა, ენერგო სექტორში დადებული $100-მილიონიანი სქემის ფარგლებში ერმაკი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა.
"ასეთ დროს უკრაინას სჭირდება მეტი ფოკუსი უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარება, ისევე როგორც მეტი ყურადღება მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ოფისი, ძირითადად, ჩვენი სახელმწიფოს ამ დავალებების შესრულებას მოემსახურება," დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებაზე თანახმაა, რასაც მან პატივი და ღრმა ვალდებულება უწოდა.
"მე დავთანხმდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტის ოფისს ვუხელმძღვანელო. გავაგრძელებ უკრაინისთვის სამსახურის გაწევას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. ეს არის პატივი და ასევე ღრმა ვალდებულება, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, რათა ყურადღება დაეთმოს საკითხებს, რომლებიც უკრაინის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ნდობისთვის." - წერს ბუდანოვი.
ბუდანოვის ნაცვლად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ზელენსკიმ უკვე დანიშნა საგარეო დაზვერვის უფროსი, ოლეგ ივაშჩენკო.
11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.
უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი – რა ვიცით ამ დროისთვის
НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.
სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.
ზელენსკიმ კორუფციაში გახვეული ყოფილი ბიზნესპარტნიორი და კიდევ ერთი ბიზნესმენი დაასანქცირა
სქემაში ფიგურირებდა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო. ჰალუშჩენკო აქამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. ის ამ სფეროში გავლენას ინარჩუნებდა სვეტლანა ჰრინჩუკის დახმარებით, რომელმაც ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. ორივე მინისტრი სკანდალური გამოძიების დეტალების გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს.
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 28 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლშიც, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მოიაზრებოდა.
ზელენსკის ნახევარსაათიანი ისტერიკა მოუწყო – УП ერმაკის გათავისუფლების დეტალებზე წერს





