უკრაინა

ზელენსკის ნახევარსაათიანი ისტერიკა მოუწყო – УП ერმაკის გათავისუფლების დეტალებზე წერს

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

28 ნოემბერს, ანტიკორუფციული უწყებების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი გაათავისუფლა. უკრაინული მედია Українська правда წყაროებზე დაყრდნობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის გათავისუფლების დეტალებს წერს.

ერმაკის სახლში ჩხრეკა კომპანია ენერგოატომთან დაკავშირებული კორუფციული სქემის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. მანამ, სანამ ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩატარდებოდა, დადიოდა ხმები, რომ ქვეყანაში რიგით მეორე გავლენიანი ადამიანის სახელი სკანდალური გამოძიების ფარგლებში მალე გაჟღერდებოდა. სანამ ეს ასე მოხდებოდა, ზელენსკი მის დაცვას ცდილობდა. სწორედ ამ დროს უკრაინის პრეზიდენტმა ერმაკი აშშ-ს სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებების ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ერმაკის წინააღმდეგ ბრალდებები ჯერ არ წაუყენებიათ, სახლის ჩხრეკის შემდეგ მისი დაცვა უკრაინის პრეზიდენტისთვის შეუძლებელი გახდა.

28 ნოემბერს, დაახლოებით დილის ექვს საათზე კიევში, სამთავრობო უბანში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) სამი მანქანა გამოჩნდა. მათ ერმაკის სახლი უნდა გაეჩხრიკათ. თავდაპირველად, ანტიკორუფციული უწყებების თანამშრომლებს უბნის საგუშაგოს მცველი არ უშვებდა, თუმცა, საბოლოოდ, მათ მაინც მოახერხეს სამთავრობო დასახლებაში შესვლა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის სახლის გაჩხრეკა. ამოიღეს ორი ნოუთბუქი და რამდენიმე ტელეფონი, რომლებშიც არსებული ინფორმაციის შესწავლა იმავე დღეს დაიწყეს, როგორც ამას УП-ს წყაროები ამბობენ.

ერმაკის სახლის ჩხრეკის ორდერი ერთი კვირით ადრე, 21 ნოემბერს, იყო გაცემული. როგორც УП წერს, ეს შეიძლება ადასტურებდეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰქონდა არამხოლოდ ინფორმაცია, რომ მისი ოფისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კითხვები გაჩნდებოდა, არამედ ჰქონდა ერთი კვირა, რომ ის მოვალეობიდან გაეთავისუფლებინა. УП-ს ცნობით, ზელენსკი ერმაკის გათავისუფლებისგან ბოლომდე თავს იკავებდა. მაშინ, როცა მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ პირველი ვიცეპრემიერი მიხაილო ფედოროვი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი, НАБУ-ს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი და САП-ის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კლიმენკო. როგორც УП წყაროებზე დაყრდნობით წერს, "ზელენსკი სტუმრებს შეხვდა ისეთი ადამიანის განწყობით, რომელმაც უცებ გაიაზრა, რომ ერთდროულად ორ, საშინაო და საგარეო, ფრონტზე ბრძოლა, საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს, არამედ თავად ქვეყნის მართვის შესაძლებლობას".

როგორც მედიის წყაროები ამბობენ, ბოლო ორ კვირაში ეს, სულ მცირე, მესამე მსგავსი შეხვედრა იყო, თუმცა, ამ შემთხვევაში, ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელებს მალიუკი და ფედოროვი შუამავლებად ახლდნენ. ზელენსკის სურდა ეპოვა გამოსავალი, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გათავისუფლებას დასავლეთში "ქაოსის სიგნალად" არ აღიქვამდნენ და არ ჩაიშლებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები. ვიცეპრემიერი ფედოროვი ერმაკის გათავისუფლებას უჭერდა მხარს. УП-ს დაზუსტებული არ აქვს მალიუკის პოზიცია, თუმცა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ გასულ დღეებში ერმაკი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან მან სათანადოდ ვერ შეაფასა ანტიკორუფციული ოპერაცია მიდასი და "არ დაიცვა" თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაური.

შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგ ზელენსკიმ შესვენება აიღო, რათა საკითხზე ეფიქრა. რამდენიმე საათში მან ერმაკის გათავსიუფლების განცხადების მომზადების ბრძანება გასცა. ამ დროის განმავლობაში მას საკუთარი ოფისის ხელმძღვანელთან არ უსაუბრია. როგორც უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, როდესაც ერმაკს თანამდებობის დატოვების განცხადების დაწერა სთხოვეს, მან ზელენსკის "ისტერიკა მოუწყო".

"როდესაც მას სთხოვეს დაეწერა განცხადება, პრეზიდენტს ნახევარსაათიანი ნამდვილი ისტერიკა მოუწყო შეურაცხყოფებით, საყვედურებითა და ბრალდებებით." - წერს УП.

"ერმაკს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ პირველი (ზელენსკიმ) მას ჩაანაცვლებდა. თანაც როგორ - ფაქტის წინაშე დაყენებით. ამბობენ, ყველაზე მეტად ის წყობიდან გამოიყვანა სწორედ იმან, რომ პრეზიდენტმა მიატოვა." - ამბობს მედიის წყარო.

УП წერს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ერმაკი ცდილობდა, მნიშვნელოვან თანამდებობებზე "საკუთარი ხალხი" დაენიშნა, რათა გავლენები გაემყარებინა. თუმცა, კრიტიკულ მომენტში საკუთარმა გარემოცვამ ის არ დაიცვა. კერძოდ, მის გათავისუფლებას მხარს უჭერდა ოლეჰ ტატაროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ძალოვან ორგანოებს კურირებს.  კორუფციული სკანდალის მიუხედავად, ის 5 წლის განმავლობაში ერმაკის მოადგილე იყო. УП-ს ცნობით, ერმაკის გათავისუფლებას მხარს უჭერდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკიც და თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალიც. ამას გარდა, УП წერს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში აშშ-ს თეთრი სახლი ზელენსკის, მათ შორის მედიისთვის მიცემული ანონიმური კომენტარებით, მიანიშნებდა, რომ ერმაკის გათავისუფლება კარგი იქნებოდა.

მედიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ზელენსკი მიხვდა, რომ ერმაკის გათავისუფლება გარდაუვალი იყო და ამას მხარს უჭერდა ყველა, დეპუტატების, ძალოვნების, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით.

როგორც УП წერს, მაღალჩინოსანთა ნაწილს საიდუმლო ჩატიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელშიც ერმაკის მოვალეობიდან გათავისუფლებისთვის კოორდინირებდნენ.

"მისი გათავისუფლება უკვე გარდაუვალი იყო. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა გააერთიანა." - მედიის ცნობით წერდა ჩატში მყოფი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

УП-ს ცნობით, ერმაკის გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაწერა: "პრეზიდენტის კაბინეტის შაბათის ფოტოებიდან არაფერი მახარებს ისე, როგორც მის (ზელენსკის) მარჯვნივ მყოფი ცარიელი სკამი". როგორც წყარომ მედიასთან თქვა, ამ შეტყობინებამ ჩატში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

УП წერს, რომ ერმაკის წინააღმდეგ ბრალდების წაყენება მხოლოდ დროის საკითხია. როგორც УП წერს, ერმაკს ჰქონდა ორი არჩევანი: გაქცეულიყო ქვეყნიდან, ან ეცადა სისხლის სამართლის საქმე მობილიზაციის გზით აერიდებინა აერიდებინა. მან მეორე ვარიანტი აირჩია. ერმაკმა გასულ დღეებში თქვა, რომ არის "ღირსეული და თანმიმდერული" ადამიანი, რომელიც "შეარცხვინეს" და რომლის ღირსებაც "არ დაიცვეს". მან თქვა, რომ ფრონტზე წავიდოდა. 

УП პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობის ახალ კანდიდატებს ასახელებს. როგორც მედია წერს, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნით "ცხადი გახდება ერმაკთან განხეთქილება მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის კოსმეტიკური რემონტია, თუ მზადებაა ძალაუფლების სისტემის კაპიტალური გადაწყობისთვის". სავარაუდო კანდიდატებად მედია ასახელებს პირველ ვიცეპრემიერსა და ციფრული გარდაქმნის მინისტრ მიხაილო ფედოროვს, თავდაცვის მინისტრ დენის შმიჰალს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს სამხედრო საკიხებში, პავლო პალისასა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერჰიი კისლიცას.

აშშ-ს მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციას ერმაკის ნაცვლად უხელმძღვანელებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, რომელიც წარსულში თავდაცვის მინისტრი იყო. მისი სახელი სკანდალურ ანტიკორუფციულ გამოძიებაში ასევე ნახსენებია. უმეროვმა ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩვენებაც მისცა.

ზელენსკიმ უნდა დანიშნოს ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრებიც. ამ მოვალეობების შემსრულებლები ასევე ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.


11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი – რა ვიცით ამ დროისთვის

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

ზელენსკიმ კორუფციაში გახვეული ყოფილი ბიზნესპარტნიორი და კიდევ ერთი ბიზნესმენი დაასანქცირა

სქემაში ფიგურირებდა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო. ჰალუშჩენკო აქამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. ის ამ სფეროში გავლენას ინარჩუნებდა სვეტლანა ჰრინჩუკის დახმარებით, რომელმაც ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. ორივე მინისტრი სკანდალური გამოძიების დეტალების გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს.

 
 

კომენტარები