გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი, ვიკა ფილფანი სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
"ირაკლი კობახიძის ვიდეოში კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ისინი მატყუარები არიან, როცა პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით ლაპარაკი დაიწყეს. შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს? [...]
ეს მორიგი ტყუილი და ფარსია - ისინი ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები მოატყუონ, რომ თითქოს მათ პროდუქტებზე ფასები ადარდებთ. ეს მათ არ ადარდებთ". - თქვა ფილფანმა.
ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასი ბევრად აღემატება ევროპულ ფასებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ის სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლსკენ მოუწოდებს და ასევე, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
"აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.
[...] ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება". - თქვა კობახიძემ.





