ფულის გათეთრება

გადმორიცხეს უკანონო 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა - POG

პროკურატურა/POG

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.

ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებითა და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა. ასევე, ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებითა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები