საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს აღემატება. საკითხის შესასწავლად, შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების სტრუქტურა და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც ძალიან დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში ზეითუნის ზეთი - 34%-ით, მაკარონი - 97%-ით, ბრინჯი - 180%-ით, კარაქი - 30%-ით, ყველი - 42%-ით, ხოლო შოკოლადი - 47%-ით ძვირია.
[...] აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.
[...] ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება.
სურსათის ფასები
კობახიძე: ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ





