სურსათის ფასები

ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ლემონჯავა ამბობს, რომ საქართველოში მაღალი ფასების მიზეზი სულელური საგადასახადო პოლიტიკაა.

"ირაკლი კობახიძე ემუქრება სუპერმარკეტების ქსელებს, სადისტრიბუციო კომპანიებს - ზოგადად, ემუქრება ბიზნესს. რა თქმა უნდა, საქართველოში ფასები მაღალია, ოღონდ ამის მიზეზი არის სულელური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და ასევე, ეკონომიკური რეგრესი. მაგალითად: აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი, ექსპორტის გადასახადი - საქართველოში ბევრი გიჟური გადასახადი არსებობს, რაც პროდუქტს აძვირებს და ზოგადად, ეს საგადასახადო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქტი იაფი იყოს. სინამდვილეში, პრობლემა ამაშია". - თქვა ლემონჯავამ PalitraNews-ის ეთერში.

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასი ბევრად აღემატება ევროპულ ფასებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ის სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლსკენ მოუწოდებს და ასევე, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

"აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.

[...] ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება". - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები