საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.
"საია 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების (ე. წ. გავრილოვის ღამის) შედეგად დაზარალებულთა უფლებებს უკვე მრავალი წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე.
ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე რამდენიმე დაზარალებულის საქმის განხილვა დასრულდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულებისთვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება.
ამ პირებს შორის არიან, მათ შორის, ისეთი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ სარჩოს გადახდაც დაეკისრა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, აღარ საჩივრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა, აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.
იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით, გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებიც, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს.
საყურადღებოა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც - რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული, წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას.
აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე გამოცხადებს.
მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მიზნით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები". - წერს საია.
2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ.
19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ და სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. კლინიკებში გადაიყვანეს 240 პირი.
საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.





