ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების შესახებ საუბრისას თქვა, რომ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაიხიოს უკან, რადგან საქართველოს მოქალაქეები "ბედავენ და თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ არგადამოწმებულ ინფორმაციას აწვდიან" უცხოურ გამოცემას.
ამასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური "გასცემს სრულყოფილად პასუხს ყველაფერზე".
"ჩვენ ყველას გავცემთ სათანადოდ პასუხს. ძალიან ძლიერები ვართ ამისთვის. პირიქით, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, არ დაიხიოს უკან. აღარ არის არც ქილიკის დროს. ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები ბედავენ, რომ თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ არგადამოწმებულ ინფორმაციას აწვდიან, რომ ეს მართლა არსებობდა. ვარაუდის საშუალებით [...] ვახტანგ გომელაურიც გასცემს სრულყოფილად პასუხს ყველაფერზე. გამოძიება დაწყებულია". - თქვა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ "კამიტი" უწოდა."
BBC-ის სტატიას რამდენიმე საათში რეჟიმი პარტიის განცხადებით გამოეხმაურა. ქართულმა ოცნებამ BBC-ის "დიფ სტეიტის" "პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული ეგრეთ წოდებული მედია" უწოდა და "ცრუ მედიის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა.
პარტიის განცხადებას მოჰყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყებაც. უწყებამ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
"დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ". - დაწერა სუს-მა განცხადებაში.
პირველ დეკემბერს, საღამოს, სამთავრობო პროპაგანდისტურმა მედია იმედმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარის ტექსტური ვერსია გამოაქვეყნა. იმედის განცხადებით, აღნიშნული კომენტარი "ქრონიკის ექსკლუზივია".
ვახტანგ გომელაურმა, რომელიც BBC-ის მასალაში ნახსენები აქციების დარბევის დროს შს მინისტრი და შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი იყო, ქრონიკას დაუდასტურა, რომ შსს-ს ნამდვილად ჰქონდა ქიმიური ნივთიერება "კამიტი", თუმცა, მისი თქმით, მას წინა ხელისუფლება იყენებდა, 2012 წლამდე, გომელაური ამბობს, რომ მას შემდეგ, უწყებას აღნიშნული ნივთიერება არ შეუძენია და არც გამოუყენებია.
"ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!" - თქვა გომელაურმა, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია იმედის ცნობით.
2 დეკემბერს ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა შეკითხვაზე კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დაშლისას, თუმცა თქვა, რომ ყველა ნივთიერება, რაც შსს-მ გამოიყენა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და "არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიებისგან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში".
გელაძემ ასევე თქვა, რომ "საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ "კამიტი", რაც წინააღმდეგობაში მოდის ვახტანგ გომელაურის განცხადებასთან. გელაძემ აღნიშნული ჟურნალისტებს ასე განუმარტა: "ბატონი ვახტანგი, რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი".
"მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი" - ამბობს გელაძე.





