ელისაშვილის სასამართლოს საქმე

სასამართლოს საქმეზე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ალექსანდრე ელისაშვილი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების თანახმად, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს. 

სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ელისაშვილმაც. მისი თქმით, ფაქტს აღიარებს, თუმცა დანაშაულს არა. 

"მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ უსამართლობას.

ახლაც სისულელეს მაბრალებთ - ტერორიზმს. ვინმეს მოკვლა რომ მდომებოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა, იარაღს კარგად ვხმარობ. მე იქ არავის ვერჩოდი. ჩემს ცოლსა და ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. დიახ, წინასწარი გეგმა მქონდა, რომ უსამართლობა გამეპროტესტებინა.

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ყველასთვის შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით ხალხი, ვისაც ქვეყნის ბედი და უსამართლობა აწუხებს. ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს ან ძაღლებს შევეჭამე, გაფორმებული იარაღი ამიტომ წამოვიღე. იარაღის გამოყენებას იქ არ ვაპირებდი, ჯაჯგურის დროს ამომივარდა.

მინდა, ჩემებს ბოდიში მოვუხადო. ირაკლი კუპრაძეც აქაა და ბოდიში, თუ თვლით, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეს განზრახვა არ მქონია. უსამართლობისგან სული მეხუთება. ვინც გარეთ რჩებით, ბოლომდე მიაწექით" - თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ალეკო ელისაშვილისთვის უკმაცრესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

"არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ადვოკატსაც უთხრა, რომ მარტო იმას ნანობს, რომ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ასევე სხვა მოქმედი საქმეცაა მასზე. მოწმებებზე ზემოქმედების საფრთხეცაა და მიმალვისაც". - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა. 

მისი განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ფაქტები, რომ ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ჰქონდა. "ცეცხლის წაკიდების გზით სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა, რითიც შექმნა სიცოცხლის მოსპობის, ფინანსური ზიანის, დოკუმენტებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებისა და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხე". 

პროკურორის თქმით, ელისაშვილი "წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა". რაც შეეხება აალებადი ნივთიერების გამოყენებას, ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა არ ჰქონია. ადვოკატმა ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

"მან განზრახ აირჩია შაბათი დილა, იმ მოტივით, რომ შიგნით არავინ ყოფილიყო და დაზიანებულიყო, რაც ზიანის მიყენების განზრახვას ეწინააღმდეგება, რაც ერთ-ერთი მთავარია ტერორიზმის დროს". - განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. 

რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლა "ოპონენტის მაქსიმალური დასჯას ემსახურება და არა ობიექტურ გარემოებებს". მისივე თქმით, ტერორიზმის მუხლი არაპროპორციულია. 

ელისაშვილმა ასევე ისაუბრა დაავების პროცესზეც. ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მისი უფლებები დაარღვიეს, კერძოდ არ მისცეს ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვის საშუალება.

"პოლიციელებმა დაკავების შემდეგ რამდენიმე საათი არც ადვოკატთან დამარეკვინეს და არც სახალხო დამცველთან. დაახლოებით 4 საათი ბორკილები ბოლომდე მოჭერილი მქონდა. რომ ვეუბნებოდი, ცოტა მომიშვით-თქო, ვითომ არ ესმოდათ. მარცხენა მაჯიდან სისხლი რომ წამომივიდა, მხოლოდ შემდეგ მომიშვეს". - განაცხადა ელისაშვილმა. 

ელისაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 29 ნოემბერს დააკავეს.

კომენტარები