ჰაერის დაბინძურება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინა არაბიძის განცხადებით, "ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ქვეყანაში უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ განაპირობა. სიტუაცია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე გაუმჯობესდება".

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.

სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე" - აცხადებს არაბიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ უწყება 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

კომენტარები