ჰაერის დაბინძურება

კანადაში ხანძრის გამო, ნიუ-იორკში მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა

კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო ამერიკაში ჰაერი სახიფათოდ დაბინძურდა.

7 ივნისს, ჰაერის ხარისხი ნიუ-იორკში ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში სწრაფად გაუარესდა და ჰაერის ხარისხის ინდექსში 400-ზე მეტს მიაღწია, რაც დაახლოებით 58-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტივას.

AQI მიუთითებს, თუ რამდენად სუფთა ან დაბინძურებულია ჰაერი გარემოში. ინდექსი 0-იდან 500-მდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უარესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ინდექსში 151-იდან 200-მდე მაჩვენებელი "არაჯანსაღად" ითვლება. როდესაც ეს რიცხვი 201-იდან 300-მდეა, გარემო "ძალიან არაჯანსაღია" და რისკი ყველასთვის იზრდება. როცა AQI 300-ზე მეტს აღწევს, ითვლება, რომ ჰაერი სახიფათოდაა დაბინძურებული და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის საშიშია.

AQI დონეები აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნიუ-იორკი - 413
  • ბუფალო - 179
  • ვაშინგტონი - 180
  • ატლანტა - 122

შედარებისთვის, ნიუ-იორკის ჰაერის დაბინძურების ინდექსი 3-4 ივნისს 20 იყო. 

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განათლების განყოფილებებმა საჯარო სკოლებში გარე აქტივობები გააუქმეს. ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა სკოლის ოლქებს ქვეყნის მასშტაბით მოუწოდა, მათაც გააუქმონ აქტივობები, რადგან ჰაერის ხარისხის ინდექსი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში "ძალიან არაჯანსაღი" დარჩება. 

ქალაქის ჯანდაცვის კომისარმა, ეშვინ ვასანმა 7 ივნისს ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქალაქის ჰაერი 1960-იანი წლების შემდეგ ამდენად დაბინძურებული არ ყოფილა. ეროვნული ამინდის სამსახურის ცობით, 10-11 ივნისს კანადის ხანძრის კვამლი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდება.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჰაერის პირობები შეიძლება, სახიფათო აღმოჩნდეს რესპირატორული პრობლემებისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ისინი ხალხს მოუწოდებენ, შენობაში დარჩნენ და გარეთ ყოფნისას კარგად მორგებული ნიღაბი ატარონ. 

"ცუდი ხილვადობის გამო" ფედერალურმა ხელისუფლებამ ლაგარდიას აეროპორტში ფრენები გააუქმა. FlightAware-ის თანახმად, აშშ-ში, 7 ივნისს შუადღისთვის 16 200-ზე მეტი ფრენა შეფერხდა და 79 ფრენა გაუქმდა.

დაახლოებით 250 ხანძარი კვლავ უკონტროლოა კანადაში. მოსალოდნელია, რომ კვამლი სამხრეთ კაროლინამდე მიაღწევს.

კომენტარები