ჰაერის დაბინძურება

კანადაში ხანძრის გამო ნიუ-იორკში ინტენსიური კვამლია, ჰაერი სახიფათოდ დაბინძურდა

კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო ამერიკაში ჰაერი სახიფათოდ დაბინძურდა

ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მერის თქმით, ნიუ-იორკში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ნიუ-იორკმა ჰაერის ხარისხის ინდექსში (AQI) საგანგაშო 413-ს მიაღწია. AQI მიუთითებს, თუ რამდენად სუფთა ან დაბინძურებულია ჰაერი გარემოში. ინდექსი 0-დან 500-მდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უარესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ინდექსში 151-დან 200-მდე მაჩვენებელი "არაჯანსაღად" ითვლება. როდესაც ეს რიცხვი 201-დან 300-მდეა, გარემო "ძალიან არაჯანსაღია" და რისკი ყველასთვის იზრდება.

უმაღლესი დონე "საშიშია" და ეს მაშინ ხდება, როდესაც AQI 301-ზე მეტს აღწევს.

AQI დონეები აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქში ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნიუ-იორკი - 413
  • ბუფალო - 179
  • ვაშინგტონი - 180
  • ატლანტა - 122

კომენტარები