თბილისში ნოემბრის შემდეგ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება. "სმოგი" ჰაერის დაბუნძურების ერთ-ერთი ტიპია და კვამლისა და ნისლის ერთობლიობას აღნიშნავს. სმოგი ე.წ. შეწონილი PM ნაწილაკების და მათთან ერთად ჰაერში არსებული ორგანული და არაორგანული ნაწილაკების ერთობლიობაა.
შეუიარაღებელი თვალით ნისლის და სმოგის ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, თუმცა სმოგს შესაძლოა მოყვითალო ან მოყავისფრო ფერი ჰქონდეს, რაც მის ქიმიურ შემადგენლობაზე მეტყველებს.
ჰაერის დაბინძურიების შესახებ მედიასა და სოციალირ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განცხადება გამოაქვეყნა გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც წერდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ქვეყანაში უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ განაპირობა.
განცხადებიდან ირკვევა, რომ სიტუაცია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების, წვიმის, თოვლის და/ან ქარის განვითარების შედეგად გაუმჯობესდება.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.
სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე". - იუწყება სააგენტო.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ხდება.
ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეკოვი სოციალურ ქსელში რეკომენდაციების სიას აქვეყნებს და განსაკუთრებით ფილტვების პრობლემების მქონე პირებს მათი დაცვისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).
გთხოვთ, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
- დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო;
- მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ;
- არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება;
- გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს);
- მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი;
- სახლი დაალაგეთ სველი წესით". - წერს კულუმბეკოვი.





