გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება. უწყების ცნობით, აღნიშნული პირველ დეკემნბერს წვიმის სახით მოსულმა ნალექმა განაპირობა.
"დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.
უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების - წვიმა, თოვლი, ქარი - განვითარებაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ინფორმაციას გაეცნოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge
ცნობისთვის, თბილისში ნოემბრის შემდეგ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება.





