ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი დანაშაულია. ახლა უნდა დაველოდოთ, ამას სამართალდამცავი უწყება რა კვალიფიკაციას მიანიჭებს. ამ ყველაფერში დამნაშავეები არიან ის ევრობიუროკრატები და ელჩები, რომლებიც საქართველოში ძალადობას ახალისებენ. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია.
ის 3 სახის აგენტია - არის სასარგებლო იდიოტი, ფულს იღებს და მასზე კომპრომატები აქვთ. არა მგონია, ის სასარგებლო იდიოტი იყოს და საინტერესოა, დანარჩენი 2 ვარიანტიდან რომელმა აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც გააკეთა. ბატონი ელისაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია". - თქვა მაჭავარიანმა.
დღეს დილით კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
"29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





