საქართველო-გერმანია

პაპუაშვილი: ჩვენი და გერმანიის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ, ექსცესები აღარ ყოფილიყო

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ იმ დროს, როცა ფიშერი გერმანიაში კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კომუნიკაცია შედგა, სადაც მხარეები "შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ელჩი აღარ გაიმეორებდა, აღარ იქნებოდა ის ექსცესები, რომლებიც მანამდე იყო".

პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და საპროტესტო აქციაზე მივიდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა "მის ხელმძღვანელობას და ჰქონდა ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი".

ჟუნრალისტის კითხვაზე თუ რა იყო გერმანიის უწყების პასუხი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამას "მნიშვნელობა არ აქვს".

"ძალიან სამწუხარო შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხარო, მეც პირადად წლები, როგორც გერმანიის ხელისუფლების პროგრამაში დასაქმებულ ადამიანს, მეც მაქვს ჩემი წვლილი შეტანილი იმისთვის, რომ გერმანიას განსაკუთრებული რეპუტაცია ჰქონოდა ქართველი ხალხის თვალში.

ეს რეპუტაცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში შენდებოდა [...] ამ ერთმა ადამიანმა [პეტერ ფიშერმა] ჩამოანგრია მთლიანად, ეს ურთიერთობა საკუთარი, მათ შორის, პიროვნული დამოკიდებულებებით, რომელიც ძალიან აშკარად მოჩანს მის საუბარში. ამიტომაც მოხდა მისი გაწვევა კონსულტაციისთვის. მანამ, სანამ ის დაბრუნდებოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და, მათ შორის, შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ელჩი აღარ გაიმეორებდა, ან აღარ მოიქცეოდა და აღარ იქნებოდა ის ექსცესები, რომლებიც მანამდე იყო.

ასევე, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დააფიქსირა, რომ როგორც კი რაიმე ექსცესი იქნება, პირდაპირ უკავშირდებიან მის უფროსს გერმანიაში. ვნახეთ მისი გასეირნება რადიკალების აქციაზე, რამდენიმე დღეში ჩამოსვლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, დაუკავშირდა მის ხელმძღვანელობას და ჰქონდა ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი. მნიშვნელობა არ აქვს რა პასუხი მოისმინა, დავტოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობის ნაწილად". - თქვა პაპუაშვილმა.

19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

"რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და ასევე გერმანიის ელჩ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა. ამ მიზეზით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ელჩი ფიშერი შემდეგი ნაბიჯების განსახილველად კონსულტაციებისთვის გაიწვიოს". - წერდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

13 ნოემბერს მოქალაქე მამუკა ცუცქირიძემ რუსთაველის გამზირიდან გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ცუცქირიძე წერდა, რომ ელჩი პარლამენტთან მოულოდნელად მივიდა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები