რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს მაღალჩინოსანი WSJ-ს: უიტკოფისა და უშაკოვის საუბარი უცხოურმა დაზვერვამ გაჟონა

ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი
Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი Wall Street Journal-ს უყვება, რომ მისი აზრით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის საუბარი უცხოურმა დაზვერვამ გაჟონა.

მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდოდ, უცხოური დაზვერვის სამიზნე არა თავად უიტკოფი, არამედ უშაკოვი იყო.

გამოცემასთან საუბრისას ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რადგანაც უშაკოვი ჩვეულებრივ სატელეფონო ხაზებს იყენებდა, მსოფლიოს მასშტაბით ათობით ქვეყანას გააჩნდა შესაბამისი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც მას მოუსმენდნენ.

აღნიშნული წყარო ვარაუდობს, რომ უშაკოვს ევროპული ქვეყნის დაზვერვა უსმენდა, თუმცა ის თავად რუსული დაზვერვის ჩართულობასაც არ გამორიცხავს.

გამოცემა საერთაშორისო პოლიტიკურ დღისწესრიგში გაჟონვის შესახებ არსებულ რამდენიმე თეორიას განიხილავს. ერთი თეორიის მიხედვით, უშაკოვისა და უიტკოფის საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესის ხელის შეშლით მიზნით რუსეთში არსებულმა ოლიგარქების წრემ გაჟონა, რომლებიც ომის გაგრძელებითა და ფინანსური მოგებით არიან დაინტერესებულნი.

სხვა თეორიის მიხედვით, საუბარი ევროპულმა ან თავად აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებულმა ჯგუფმა გაჟონა, რომლისთვისაც უიტკოფის მიერ, რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან ერთად, მომზადებული 28-პუნქტიანი გეგმა მიუღებელი იყო, რადგან ის უკრაინის მხრიდან მასშტაბურ დათმობებს გულისხმობდა.

ცნობისთვის, Bloomberg-მა გამოაქვეყნა ორი ჩანაწერი, რომელიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების წარმომადგენლების საუბრის ტრანსკრიპტს მოიცავდა. ერთ-ერთში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, ვლადიმირ პუტინის დამხმარეს, იური უშაკოვს დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის რჩევებს აძლევდა. მეორეში კი უშაკოვი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი განიხილავდნენ, როგორ უნდა გადაეცათ აშშ-სთვის საკუთარი პოზიციები არაფორმალურად. უშაკოვი და დმიტრიევი ირწმუნებიან, რომ ჩანაწერი ყალბია.

კომენტარები