გამოცემა Bloomberg ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პუტინის მრჩეველ იური უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტის გარდა, ასევე ავრცელებს მეორე სატელეფონო საუბარსაც, რომელიც უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის ოქტომბრის ბოლოს შედგა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს დმიტრიევი და უშაკოვი უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, რის ფარგლებშიც უშაკოვი თეთრ სახლთან მიმართებით "მაქსიმუმის" მოთხოვნას ემხრობოდა.
დმიტრიევთან საუბრისას უშაკოვი შიშობდა, რომ არსებობს აშშ-ს მხრიდან ნებისმიერი სამშვიდობო წინადადების არასწორი ინტერპრეტაციის საფრთხე. უშაკოვი ასევე შიშობდა, რომ შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციას შეთანხმებიდან რომელიმე ნაწილი ამოეღო და შემდგომ ეთქვა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე მხარეებს უკვე შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული.
თავის მხრივ, დმიტრიევმა, რომელიც რუსული საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია, კოლეგას დოკუმენტის არაფორმალურად გაზიარება შესთავაზა და დაამატა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აშშ რუსულ ვერსიას არ მიიღებდა, ამერიკული წინადადება, სულ მცირე, ძალზე დაახლოებული იქნებოდა რუსულთან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა იმის გადამოწმება, თუ ზუსტად რა წინადადება გაუზიარა რუსეთმა აშშ-ს და რამდენად განსაზღვრა აღნიშნულმა გეგმამ მედიაში გავრცელებული 28-პუნქტიანი ვერსია.
ამასთან, Bloomberg ასაჯაროებს დმიტრიევსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
უშაკოვი: ალო
დმიტრიევი: იური ვიქტოროვიჩ
უშაკოვი: დიახ, კირილ ალექსანდროვიჩ, მე ყველაფერი გავგზავნე. ხვალ იქ ვისაუბრებთ.
დმიტრიევი: მშვენიერია, მშვენიერი. დიახ, დიახ, დიახ. მე საუდის არაბეთში გავფრინდი, მაგრამ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, რადგან ეს ძალიან კარგი გზაა წინსვლისთვის.
უშაკოვი: ჩვენ ყველაფერი მაქსიმალურად გვინდა, ალბათ. როგორ ფიქრობთ? ისე გადაცემას რა აზრი აქვს?
დმიტრიევი: არა, შეხედეთ. მე მგონია, ეს ფურცელი, ჩვენს პოზიციად ვაქციოთ და მე უბრალოდ არაფორმალურად პირდაპირ გადავცემ, ეს ყველაფერი არაფორმალური იქნება. მათ კი დაე თავისად გადააკეთონ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი მთლად ჩვენს ვერსიასაც არ მიიღებენ, მაგრამ, სულ მცირე, მასთან მიახლოებულს.
უშაკოვი: სწორედ ესაა საქმე, რომ შეიძლება არ მიიღონ, არამედ თქვან, რომ ეს ჩვენთან შეთანხმებულია. აი, რისი მეშინია.
დმიტრიევი: არა, არა, არა. რასაც თქვენ იტყვით, სიტყვა-სიტყვით, იმას ვიტყვი მეც.
უშაკოვი: მათ შეიძლება შემდეგ შეცვალონ და მორჩა. არსებობს ასეთი საფრთხე. არსებობს. კეთილი, არაფერი. ვნახავთ.
დმიტრიევი: დიახ, მე, უბრალოდ, ასე მგონია... შემდეგ თქვენც შეძლებთ სტივთან საუბარს ამ ფურცელზე. ჩვენ აკურატულად ვიმოქმედებთ.
უშაკოვი: [არ ისმის]
დმიტრიევი: უღრმესი მადლობა იური ვიქტოროვიჩ. უღრმესი მადლობა. მადლობა. შეხვედრამდე.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს მედიაში ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა დათანხმდა აშშ-ს შუამავლობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც თავდაპირველი 28-პუნქტიანი ვარიანტიდან, ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, 19-პუნქტიან ვერსიამდე შემცირდა, რომლიდანაც ამოღებულია უკრაინისთვის ყველაზე რთული და მიუღებელი საკითხები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შედარებით რთულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ ტრამპი და ზელენსკი პირადად შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯები "სწორ მიდგომას" წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ "სენსიტიურ საკითხებს" პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსია "მისასალმებელი" იყო. ლავროვმა ევროპა და უკრაინა თავდაპირველი გეგმის შეცვლაშიც დაადანაშაულა და დაამატა, რომ შესწორებული დოკუმენტი უნდა ასახავდეს პრეზიდენტ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში მოლაპარაკებებისას მიღწეული ურთიერთგაგების "სულისკვეთებას".
მანამდე Bloomberg-მა დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოქტომბერში სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან და მას, მათ შორის, ისიც ურჩია, რომ თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის გამართვამდე კარგი იქნებოდა, თუ პუტინი ტრამპს დაურეკავდა და ღაზაში მიღწეული შეთანხმების მსგავსი გეგმის განხილვას შესთავაზებდა.





