გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაშოშმინების მიზნით, ტაივანი მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის წინადადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინეთის საფრთხისგან თავდასაცავად ტაიპეის მეტის გაკეთება მოსთხოვა.
21 აგვისტოს ტაივანის მთავრობა გამოვიდა წინადადებით, რომ სამხედრო ბიუჯეტი 2026 წლისთვის 949.5 მილიარდი იყოს ახალ ტაივანურ დოლარში ($31.1 მილიარდი), რაც პირველად მოიცავს ხარჯებს სანაპირო დაცვისთვისა და ვეტერანთა პენსიებისთვის. Bloomberg-ის მიხედვით, ახალი საბიუჯეტო ინიციატივა წინა წლის გეგმაზე თითქმის 23%-ით მეტია.
ტაივანის მთავრობის კაბინეტმა განაცხადა, რომ ახალი გეგმით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 3.32%-მდე გაიზრდება, რაც აღემატება თებერვალში პრეზიდენტ ლაი ჩინგ ტეს მიერ გამოცხადებულ 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს.
თუმცა, Bloomberg წერს, რომ დიდი ალბათობით, საბოლოო რაოდენობა, რასაც ტაივანი 2026 წელს სამხედრო ბიუჯეტისთვის გამოყოფს, განსხვავებული იქნება, რადგან გეგმას საკანონმდებლო ორგანოს გავლა მოუწევს, სადაც მცირე უმრავლესობა ოპოზიციას უკავია.





