მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ნათესავები დღეს გლდანი-ნაძალადევის პროკურატურასთან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ხოლო დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხში ყველაფერი არაა აღწერილი.
როგორც ავალიანის დედა TV პირველთან აცხადებს, ექსპერტიზის პასუხებში ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული.
"დღეს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, არ არის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი - რა პოზიციაში უნდა იყოს ადამიანი, რომ სასიკვდილო დარტყმა მიაყენონ, ამაზე პასუხი არ არის.
მუჭი დაარტყეს სახეში და შუბლი გაუტყდა, წარმოგიდგენიათ? ორივე სფერო იყო დაზიანებული, ძვალი გატეხილი და მრავლობითი დარტყმა... გაასაჯაროვონ ყველაფერი, ეს არის ჯგუფური. ჩემს გიგას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება, არ არის ნათქვამი ეს დაზიანება, ქუსლზე ჰქონდა სიწითლე მესამე დღეს, ეს იქნება ფორმა ასში, უკვე წავიდა ნაწოლი, იმ დაზიანების გამო, სახის დაზიანება.
არ არის მითითებული ყველაზე მნიშვნელოვანი თავის უკანა მხარეს დაზიანებაზე, ყველა ექიმისას გავეცანით, ერთადერთ ექიმს უწერია მხოლოდ. არ უწერიათ რამდენიმე დაზიანება."
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, თავდამსხმელს ბრალი მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ გადაუკვალიფიცირდა და სსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას (ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გულისხმობს.
ხოლო მეორე პირს, 2007 წელს დაბადებულ გ.რ-ს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.





