ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ჩემთვის ეჭვებს ბადებს პანკისში პოლიციელების გალახვის ორგანიზება – ვოლსკი გახარიაზე

ივანიშვილის დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისთვის ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს პანკისის სპეცოპერაციის საქმე. 

ვოლსკი ამბობს, რომ გახარიას "ყველა თემასთან დაკავშირებით" ჩაფიქრებული ჰქონდა "საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა".  

"ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისათვის, რომ შეტაკება მომხდარიყო, ან რუსეთის ფედერაციას უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ. [...]

რაც შეეხება 20 ივნისის თემას, გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა იმ გადაცდომების გამოძიება, რაც პოლიციამ ჩაიდინა, გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, თვითონ გახარიამ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იდგენენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, წაართვეს რამდენიმე მათგანს ეკიპირება, დაამცირეს. [...]

ჩემთვის ეჭვებს ბადებს პანკისის ხეობაში, პოლიციელების გალახვის ორგანიზება. პოლიციელები დაამცირეს, ფიზიკურად შეეხნენ, მათ შორის, პირადადაც ვკითხე, რა იყო ეს-თქო, პასუხი ვერ გამცა. [...]

მუშტების რტყმით ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, მოიხსნა ეს იმუნიტეტი და მერე უარი განაცხადა მის დაკავებაზე და ეს უარი დაემთხვა სააკაშვილის განცხადებებს, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და რევოლუცია განვითარდეს, შტაბს ქმნიდნენ კახეთის გზატკეცილის ოფისში.

როცა ეს ვერ მოხდა და ვერ განვითარდა ისე, როგორც მას მიაჩნდა სწორად იგი გადადგა. ამაზე მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ მას ჩაფიქრებული ჰქონდა ყველა თემასთან დაკავშირებით, საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, რასაკვირველია, ეჭვს აღარ იწვევს". - ამბობს ვოლსკი.

2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ხადორი-3 ჰესის მშენებლობა დაიწყო - ამას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ადგილობრივების პროტესტის საპასუხოდ გიორგი გახარიამ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანა. ისინი აქციის მონაწილეების დაშლას რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით შეეცადნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ხალხმა პოლიციის 2 მანქანა და ტრაქტორი დაწვა, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. პანკისი ხეობაში დაპირისპირების დროს სულ 55 ადამიანი დაშავდა - 38 სამართალდამცავი და 17 მოქალაქე. 

ცნობისთვის, 12 ნოემბერს პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები