გამოცემა Telegraph ინფორმატორის მიერ მიწოდებულ BBC-ის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ BBC-ის არაბულენოვანი ახალი ამბების სამსახური ღაზაში მიმდინარე ომის დროს "ისრაელელების ტანჯვის დაკნინებას" ცდილობდა, რათა "ისრაელი აგრესორად წარმოეჩინა."
დოკუმენტის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებების გაშუქება ადეკვატური გადამოწმების გარეშე ხდებოდა, რაც წინდაუხედელობაზე ან "ისრაელის შესახებ ყოველთვის ყველაზე ცუდის დაჯერების სურვილზე" მიანიშნებს.
Telegraph-ის ინფორმაციით, BBC-ის არაბულენოვანი სამსახური, რომელიც ნაწილობრივ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს (FCDO) გრანტით ფინანსდება, დიდ სივრცეს აძლევდა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და "მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა" BBC-ის მთავარი ვებგვერდის სარედაქციო პოლიტიკისგან.
ამასთან, BBC "გაუმართლებელ წონას" ანიჭებდა ჰამასის მტკიცებებს ღაზაში დაღუპულთა რიცხვის შესახებ, რაც მიიჩნევა, რომ პროპაგანდის მიზნებისთვის გაზვიადებული იყო. BBC-მ ასევე შეცდომით დაწერა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, თითქოს ღაზაში გენოციდს ჰქონდა ადგილი.
BBC-ს სატელევიზიო მიმართულების ყოფილი დირექტორის, დენი კოენის თქმით, უკვე აშკარაა, რომ BBC "უსაფრთხოდ" არ არის უფროსი მენეჯერების ხელში და მათ "სირცხვილით თავები უნდა დახარონ და თანამდებობა დატოვონ."
"უკვე აღარ შეიძლება იმის ეჭვქვეშ დაყენება, რომ BBC-მ ხელი შეუწყო მსოფლიოში ჰამასის ტყუილების გავრცელებასა და სამშობლოში ანტისემიტიზმის გაღვივებას." - დაამატა მან.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს BBC-ს კრიზისი დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-მ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეცდომაში შემყვანი ფორმით გააშუქა.
შედეგად, 9 ნოემბერს ტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებულობის გამო კრიტიკის ფონზე BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი თანამდებობიდან გადადგნენ.
ღაზაში ომის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებები BBC-ს საბჭოსადმი მიწერილ იმავე 19-გვერდიან წერილში გამოითქვა, რომელშიც ხაზგასმული იყო ტრამპზე დოკუმენტურ ფილმში არსებულ "აშკარად შეცდომაში შემყვან" ნაწილზე.
Telegraph-ის ცნობით, მაიკლ პრესკოტი, რომელიც ივნისამდე BBC-ის სარედაქციო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების კომიტეტის (EGSC) დამოუკიდებელი მრჩეველი იყო, იმდენად შეძრა BBC-ის უმოქმედობამ მიკერძოებულობის რამდენიმე შემთხვევის დროს, რომ მან ზემოხსენებული წერილი დაწერა, რომელიც BBC-ის საბჭოს ყველა წევრს გაუგზავნა.
გამოცემის მიერ მოპოვებულ ასლში პრესკოტი წერს, რომ BBC-ის არაბულენოვანი სამსახური პლატფორმას აძლევდა ჟურნალისტებს, რომლებსაც უკიდურესად ანტისემიტური განცხადებები ჰქონდათ გაკეთებული.
ერთ-ერთი პირი, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა, რომ ებრაელები ისევე უნდა დაიწვან, "როგორც - ჰიტლერი," არაბულენოვან BBC-ზე სტუმრად 244-ჯერ მიიწვიეს 18 თვის განმავლობაში.
კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ისრაელელები ადამიანის ქვემდგომებად დაახასიათა, ხოლო ებრაელები - "ეშმაკებად," დროის იმავე პერიოდში 522 ჯერ იყო სტუმრად მიწვეული.
ამას გარდა, მიმდინარე წელს BBC Two-მ აჩვენა დოკუმენტური ფილმი, სახელად "ღაზა: როგორ უნდა გადაურჩე საომარ ზონას," რომელშიც ნარაცია ჰამასის მაღალჩინოსნის შვილს ეკუთვნოდა, როგორც ეს BBC-მ მოგვიანებით აღიარა.
სამაუწყებლო მარეგულირებელმა, Ofcom-მა კი დაადგინა, რომ ფილმი "არსებითად შეცდომაში შემყვანი" იყო და BBC-ს უბრძანა, აღნიშნული განცხადება დასკვნებთან ერთად გაევრცელებინა. მოგვიანებით ფილმი ამოიღეს BBC-ის iPlayer-დანაც.
პრესკოტის წერილში ასევე განხილული იყო BBC-ს მთავარი ახალი ამბების ვებგვერდსა და არაბულენოვან სამსახურს შორის "კრიტიკულად განსხვავებული მოპყრობა," რომელიც ეხებოდა ისრაელის ლიბანთან საზღვრის სიახლოვეს, გოლანის მაღლობებზე, დრუზების დასახლება მაჯდალ შამსში, ფეხბურთის თამაშზე ჰეზბოლას მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშს, რასაც 2024 წლის ივლისში ცხრა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარის გაშუქებისას ინგლისურენოვან ვერსიაში თანდართული იყო ჰეზბოლას განცხადება, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფება სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობას უარყოფდა, თუმცა BBC-ს ასევე ყურადღება ჰქონდა გამახვილებული მტკიცებულებებზე, რომ ჰეზბოლას ინციდენტის სიახლოვეს სხვა ობიექტები ჰქონდა დაბომბილი.
BBC-ს არაბულენოვან ვერსიაში კი ნახსენები არ ყოფილა ჰეზბოლას მხრიდან სხვა სარაკეტო იერიშები და უფრო მეტი ყურადღება იყო გამახვილებული ჰეზბოლას განცხადებებზე. ინციდენტის გაშუქებისას ასევე არ იყო ნახსენები იერიშის შედეგად მოკლული ბავშვებიც.
მომდევნო დღეს კი არაბულენოვანმა სამსახურმა გაავრცელა ცნობები, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ისრაელმა აღნიშნული იერიში გააყალბა.
Telegraph-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში BBC-ის მსოფლიო განყოფილების ახალი ამბების უფროსმა რედაქტორმა შიდა გამოძიება ჩაატარა BBC-ს არაბულენოვან სამსახურზე და მის სარედაქციო პოლიტიკაში საგანგაშო ვერაფერი იპოვა, რამაც EGSC გააკვირვა.
ამის გამო EGSC-მ საკუთარი გამოძიება ჩაატარა და კომიტეტს მიმდინარე წლის 16 იანვარს წარუდგინა ანგარიში, რამაც, პრესკოტის წერილის მიხედვით, "გამოავლინა მკაფიო განსხვავებები, თუ რა გზით ხდებოდა მნიშვნელოვანი ამბების" გაშუქება BBC-ს მთავარი ვებგვერდისა და არაბულენოვანი განყოფილების მიერ.
პრესკოტის თქმით, BBC-ს მთავარ ვებგვერდს 19 სხვადასხვა ამბავი ჰქონდა გაშუქებული ისრაელელი მძევლების შესახებ, არაბულენოვან BBC-ს კი - არცერთი. ამასთან, ინგლისურენოვან განყოფილებას ოთხი სტატია ეწერა, რომელიც ჰამასის მიმართ იყო კრიტიკული, არაბულენოვან ვერსიას - ისევ არცერთი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ვებგვერდზე ისრაელის მიმართ კრიტიკული ყველა სტატია BBC-ს არაბულენოვან განყოფილებას ჰქონდა ასლად გადაღებული.
ასევე უკიდურესად განსხვავებულად შუქდებოდა ინდივიდუალური ისტორიებიც. ინგლისურ ვებგვერდზე აღწერილი იყო ჩრდილოეთ ერაყელი იეზიდი ქალის, ფავზია სიდოს, ისტორია, რომელიც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) 11 წლის ასაკში გაიტაცა, სექს-მონად გაყიდეს და ტრეფიკინგით ღაზაში მოხვდა. 21 წლის სიდო ისრაელელმა სამხედროებმა მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც მისი დამატყვევებელი, რომელიც ჰამასის წევრი იყო, მოკლეს. გათავისუფლების შემდეგ სიდო ერაყში თავის ოჯახს დაუბრუნდა.
სიდოს ამბავი BBC-ს არაბულენოვანმა განყოფილებამაც გაავრცელა, თუმცა განსხვავებული სათაურით: "ისრაელის თქმით, 'იეზიდი პატიმარი ერაყში დაბრუნდა ღაზაში 10 წლის შემდეგ,' ჰამასი BBC-ს ეუბნება, რომ 'ისრაელის ნარატივი გაყალბებულია.'"
ამასთან, BBC-ს არაბულენოვან ვერსიაზე აღნიშნულ ისტორიას ბოლოში თანდართული ჰქონდა ჰამასის 582-სიტყვიანი განცხადება, რომელიც თავდაპირველ ამბავზე უფრო გრძელი იყო და მოვლენების შესახებ მსხვერპლის მიერ მოთხრობილი ვერსია იყო უარყოფილი.
BBC-ს მხრიდან ღაზაში დაღუპულთა რიცხვის გაშუქებაზე ჩატარებულმა შიდა გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ BBC-მ "გაუმართლებელი წონა" მიანიჭა ჰამასის მიერ გავრცელებულ ღრმად საკამათო რიცხვებს.
2024 წლის ივლისში EGSC-მ მიიღო ანგარიში, რომლის შედგენაც მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაერომ შეამცირა დაღუპულთა შორის ქალებისა და ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი.
ჰამასის მმართველობაში არსებული ღაზიდან გამოსული მონაცემების სანდოობაზე არსებული მზარდი შიშების მიუხედავად, BBC და გაერო თავდაპირველად წერდნენ, რომ ღაზაში დაღუპულთა მთლიანი რაოდენობის 70% ქალები და ბავშვები იყვნენ. გაერომ კი მოგვიანებით ეს მაჩვენებელი 52%-მდე შეამცირა.
შიდა გამოძიების მიხედვით, ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში BBC ზედმეტ სანდოობას ანიჭებდა 70%-ზე გაკეთებულ მტკიცებას, "მისი სანდოობის შესახებ კარგად ცნობილი შიშების მიუხედავად."
კიდევ ერთი შემთხვევა ეხებოდა ღაზაში მასობრივი საფლავების გაშუქებას. 2024 წლის აპრილში BBC-მ ინფორმაცია გაავრცელა ნასერის საავადმყოფოსთან აღმოჩენილი მასობრივი საფლავების შესახებ, ხოლო 2024 წლის ივნისში - ალ-შიფას საავადმყოფოსთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავებზე.
შიდა გამოძიების მიხედვით, BBC-ს გაშუქება იძლეოდა "ძლიერ მინიშნებას, რომ ისრაელის ძალებმა ორივე ობიექტზე ათასობით ცხედარი დამარხეს, სანამ ტერიტორიიდან უკან დაიხევდნენ."
თუმცა, პრესკოტის მიერ დაწერილი წერილის მიხედვით, სინამდვილეში "ყველაზე სავარაუდო ახსნა ის იყო, რომ ორივე საავადმყოფოსთან საფლავები ადგილობრივებმა ამოთხარეს და იქ დაკრძალული ხალხი ადგილზე ისრაელის სახმელეთო ძალების მისვლამდე დაიღუპა ან იყო მოკლული."
BBC წერდა იმის შესახებ, რომ ცხედრები ხელებშეკრულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, ერთბაშად სიკვდილით დასჯისა და წამების ნიშნებით, თუმცა შიდა გამოძიებაში აღნიშნული იყო, რომ ამის "დამოუკიდებლად დამადასტურებელი" ინფორმაცია არ არსებობდა, ხოლო მასობრივი საფლავების ამბების შესახებ წყარო ჰამასის მიერ მართული ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო იყო.
Telegraph-ის მიხედვით, BBC-ს მანამდე შექმნის მომენტში ჰქონდა გაშუქებული, თუ როგორ თხრიდნენ ადგილობრივები იმავე მასობრივ საფლავებს, თუმცა მოგვიანებით იგივე ჟურნალისტები აშუქებდნენ მასობრივი საფლავებისა და სავარაუდო ომის დანაშაულების მტკიცებულებების ამსახველი ადგილების აღმოჩენის შესახებ ცნობებს.
BBC-მ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა იმის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 14 000 ბავშვს შიმშილის გამო სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდა მომდევნო 48 საათის განმავლობაში. თავდაპირველად ეს განცხადება გაეროს მაღალჩინოსანმა, ტომ ფლეტჩერმა მიმდინარე წლის მაისში, ისრაელის ბლოკადის დროს, გააკეთა, თუმცა მალევე აშკარა გახდა, რომ სინამდვილეში ერთი წლის პერიოდი იგულისხმებოდა.
BBC-მ ეს შეცდომა ონლაინ სტატიებში გაასწორა, თუმცა მცდარი მტკიცება გაეროში ისრაელის ელჩს იმავე დღეს მაინც წარუდგინეს. ამავე გადაცემაში მოყვანილი იყო ბავშვის სურათი, რომელსაც, BBC-ს თქმით, ალერგიისა და თანდაყოლილი დეფექტის გამო რძისთვის სპეციალიზებული ფორმულა ესაჭიროებოდა, თუმცა სინამდვილეში მას უკვე ერთი კვირით ადრე ჰქონდა მიღებული ეს ფორმულა და, როგორც BBC-მ იცოდა, უკვე საავადმყოფოდანაც იყო გაწერილი, თუმცა გადაცემაში ეს ყოველივე ნახსენები არ ყოფილა.




