აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებულობის გამო კრიტიკის ფონზე BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი თანამდებობიდან გადადგნენ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო პროგრამის, პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-მ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეცდომაში შემყვანი ფორმით გააშუქა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, BBС-მ ტრამპის სიტყვიდან ამოჭრილი ნაწილები შეცდომაში შემყვანი ფორმით დაამონტაჟა, რათა მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ტრამპმა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა.
ამ ინფორმაციას მედიას BBC-ის სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილი გარე დამოუკიდებელი მრჩეველი, მაიკლ პრესკოტი აწვდიდა, რომელმაც თანამდებობა ივნისში დატოვა.
დოკუმენტური ეპიზოდი, ტრამპი: მეორე შანსი? გასული წლის 28 ოქტომბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა.
ტერნესისა და დეივის გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, The Telegraph წერდა, რომ BBC ტრამპის სიტყვის შეცდომაში შემყვანი ფორმით დამონტაჟებისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა.
გაერთიანებული სამეფოს კულტურის მინისტრმა, ლიზა ნენდიმ X-ზე დეივის "მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებლობაში" შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ბრიტანეთის მთავრობა BBC-ის საბჭოს გარდამავალ პერიოდში დაეხმარება.
"როგორც მთავრობა, საბჭოს დავეხმარებით, როდესაც ის ამ ტრანზიციას უძღვება და უზრუნველვყოფთ, რომ ქარტიის გადახედვა იქნება კატალიზატორი, რომელიც BBC-ს ამ ახალ ეპოქაზე ადაპტირებაში დაეხმარება და ეროვნული ცხოვრების გულში მის როლს ათწლეულების განმავლობაში გაამყარებს". - წერს ნენდი.
გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში დეივიმ აღნიშნა, რომ BBC-ის მმართველ საბჭოსთან ერთად ზუსტ ვადებზე მუშაობს, რათა მომდევნო თვეებში ახალი გენერალური დირექტორი დაინიშნოს.
"მსურს, გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე, 20 წლის შემდეგ BBC დავტოვო. ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა და თავმჯდომარისა და საბჭოს მიმართ მათი მხრიდან ჩემი ვადის განმავლობაში, მათ შორის, ბოლო დღეებშიც, ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის დიდად მადლიერი ვრჩები. [...]
[...] მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, BBC News-ის შესახებ მიმდინარე დებატმა, გასაგები მიზეზების გამო, ჩემს გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა.
მთლიანობაში, BBC საქმეს კარგად ასრულებს, თუმცა გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული და როგორც გენერალურმა დირექტორმა, მთავარი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო". - წერია დეივის განცხადებაში.
ტერნესმა საკუთარ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ "შეცდომების დაშვების" მიუხედავად, ბრალდებები, რომ BBC, როგორც დაწესებულება, მიკერძოებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
"პრეზიდენტ ტრამპზე პანორამის [ეპიზოდის] შესახებ მიმდინარე კონტროვერსიამ იმ დონეს მიაღწია, როდესაც აზიანებს BBC-ს, დაწესებულებას, რომელიც მიყვარს.
როგორც BBC News-ის აღმასრულებელ დირექტორს, მთავარი პასუხისმგებლობა მე მეკისრება და გადავწყვიტე, რომ გასულ ღამეს გენერალური დირექტორისთვის ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება წარმედგინა.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ლიდერები პასუხს სრულად უნდა აგებდნენ და ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვტოვებ თანამდებობას. მართალია, შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა აბსოლუტურად ნათლად მსურს ვთქვა, რომ ბოლოდროინდელი ბრალდებები BBC News-ის ინსტიტუციური მიკერძოებულობის შესახებ სიცრუეა". - წერია ტერნესის განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.





