სონორის შტატის გუბერნატორის, ალფონსო დურასოს ინფორმაციით, მექსიკაში, ქალაქ ერმოსილიოში მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც, სულ მცირე, 11 პირი კი დაშავდა.
დურასომ შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
შტატის გენერალურმა პროკურორმა, გუსტავო სალასმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, მომწამვლელი აირების ჩასუნთქვის გამო გარდაიცვალა.
სონორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ხანძარი მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად არ დაწყებულა.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და X-ზე დაწერა, რომ დაღუპულთა ოჯახებისა და დაშავებულთა დასახმარებლად დანაყოფები გაგზავნა.
წითელი ჯვრის სონორის შტატის ფილიალმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა დახმარების ძალისხმევას მათი პერსონალის 40 წარმომადგენელი და 10 სასწრაფო დახმარების მანქანა შეუერთდა.





