ყოფილი პრემიერმინისტრის, განსაკუთრებით დიდი ოდენბით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, "ბატონ ირაკლის არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია".
"ბატონი ირაკლი თავს ცნობს დამნაშავედ ეთანხმება ბრალს, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში, რაც ებმის მის კერძო სექტორში, ბიზნესში ყოფნას და შემდგომ პერიოდს, როცა ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იყო კითხვები, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.
[...]
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. [...] დაცვს მხარე ვაპიებთ იმას, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან კანონის ფარგლებში". - თქვა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.
ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლები არ ჰქონია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მისი თქმით, საუბარია კერძო ბიზნესიდან მიღებულ თანხაზე 2016 წლიდან დღემდე.
"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა, არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და ბიზნესის დატერორების და ა.შ. არამედ, კონკრეტულად, მას ბრალი წარედგინა 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველად პრემიერმინისტრი, მან დატოვა თანამდებობა და წავიდა კერძო ბიზნესში. მისი ბიოგრაფია საჯაროა, ცნობილია, ამ პერიოდში მას ჰქონდა ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა სოლიდური შემოსავალი. ამ ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მობრუნდა, ძალიან კარგად იცით რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას არ ეს სურდა, არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა.
აქედან გამომდინარე, გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 6.5 მილიონი დოლარი - ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები - ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება. არავინ არ ეხმარებოდა, საკუთარი ბიზნესი იყო, ღვინის ინდუსტრია, ღვინის ქარხანა, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი". - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
24 სექტემბერს ქართული ოცნების მთავრობის ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი, ბრალდებას ეთანხმება.
ივანიშვილის გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი "ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს" და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.
რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.





