ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

"სათქმელი არ მაქვს" - ღარიბაშვილს 1-მილიონლარიანი გირაო შეუფარდეს

ქართული ოცნების მთავრობის ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. 

გარდა გირაოსა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესეს. 

პროკურორის ნათია თათიაშვილის განცხადებით, არსებობს "ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებებს გააქრობის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე", რის გამოც, ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა. 

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა. აღკვეთის ღონისძიებას დაეთანხმა ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც.

"ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სათქმელი არ მაქვს" - თქვა ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მიეცა. 

ექსპრემიერს პროკურატურამ ბრალდება 24 სექტემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი, ბრალდებას ეთანხმება. 

ივანიშვილის გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი "ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს" და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.


შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.

კომენტარები