ღაზის სექტორის სამხრეთში, ხან იუნისის რაიონში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჰოსამ ალ-ასტალი, რომელსაც ისრაელის მხარდაჭერა აქვს და თავს ჰამასის მოწინააღმდეგე ძალად აცხადებს, ითხოვს, რომ მსოფლიომ ღაზის მცხოვრებლები ჰამასის ტერორისგან დაიცვას იმ ფონზე, როცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მასობრივად დაიწყო ხალხის სიკვდილით დასჯა და მკვლელობები.
გამოცემა Times of Israel-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ალ-ასტალი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მისი ძალისხმევისთვის, თუმცა ამატებს, რომ ისრაელის დაბომბვებისგან ღაზის მოსახლეობის გადარჩენის შემდეგ, ტრამპმა ახლა ისინი ჰამასისგან უნდა იხსნას.
"ჰამასი ასობით ბავშვს, ქალს, ახალგაზრდასა და ხანდაზმულ ადამიანს კლავს. რა ბრალდებით? ჩვენ სამხედრო ომიდან გამოვედით და ტერორისტთა ომში შევედით. დღეს ჰამასი ტერორს ახორციელებს ღაზაში ხალხის წინააღმდეგ, მათ ყუმბარმტყორცნებით კლავს. ჰამასი 100%-ით ISIS-ია," ამბობს ალ-ასტალი ვიდეოში და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ღაზის მოსახლეობა ჰამასისგან დაიცვან.
"ჩვენ გვინდა, რომ ხალხი ჰამასის მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობის ქვეშ გადავიყვანოთ, რომელიც მცხოვრებლებს მოემსახურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ცხოვრება. ჩვენ დღეს ჰამასს ძალაუფლებისთვის არ ვებრძვით." - დაამატა მან.
Times of Israel-თან საუბრისას ალ-ასტალმა ასევე განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლას განაგრძობს.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს გამოცემა Reuters წერდა, რომ ძალზე დასუსტებული ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ძალაუფლების კვლავ გამყარებას ცდილობს.
გამოცემის ცნობით, ჰამასმა, სულ მცირე, 33 ადამიანი მოკლა იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებმაც ღაზაში მათი "ძალაუფლება გამოცადეს."





