პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოიკითხა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მას ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ "ზუსტად იცის, რომ მოწმედ ვერ გამოადგათ".
"მოწმეს სჭირდება სხვა სტანდარტი, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი, მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. [...]
გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი, საერთოდ რატომ მომაწერინეს მაგასაც ვერ ვხვდები. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ვიცი ზუსტად და ეს ძალიან კარგი სანახაობა იყო". - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მოგვიანებით მან გამოკითხვის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. ჩერგოლეიშვილის თქმით, გამოკითხვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
"დაკითხვა დაახლოებით, 15 წუთი გაგრძელდა და დასრულდა როგორც მოსალოდნელი იყო.
ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი - მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები.
ზუსტად ვიცი, რიმ მზია ამაღლობელის მოსამართლემ გადაწყვეტილება რეჟიმის დაკვეთით მიიღო - მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები.
ზუსტად ვიცი რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ავანტიურაში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები". - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს გამოკითხვაზე იბარებდა. ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოიკითხებოდა.
"რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან" . - დაწერა მაშინ ჩერგოლეიშვილმა.





