უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინის საჭიროებებზე, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამის გაფართოებაზე ელაპარაკა.
ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.
"პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ველაპარაკე. მადლობას ვიხდი იმისთვის, რომ საფრანგეთი სიცოცხლეების დასაცავად ამდენს აკეთებს.
შევატყობინე ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების შესახებ და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია - აუცილებელი სისტემები და რაკეტები. რუსეთი ახლა მომენტით სარგებლობს, იმით, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შიდა თემებს ყველა ქვეყანაში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა. რუსული იერიშები უფრო უნამუსო გახდა. განვიხილეთ, როგორ გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა. კერძოდ, PURL-ის პროგრამის გაფართოებაზე ვმუშაობთ". - წერს ზელენსკი.
მანამდე, ზელენსკიმ ასევე დაწერა, რომ 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ტრამპთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მეორედ განიხილა.
ცნობისთვის, ჯერჯერობით PURL-ის პროგრამის ფარგლებში ოთხი პაკეტია დაფინანსებული.
17 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ PURL-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინა აშშ-ს საწყობებიდან NATO-ს მოკავშირეების მიერ დაფინანსებულ სამხედრო დახმარების პაკეტს პირველად მიიღებს.
სამხედრო პაკეტის მიწოდება 14 ივლისს PURL-ის შეთანხმების ხელმოწერას აშშ-სა და ნატოს შორის მოჰყვა. ინიციატივა საშუალებას იძლევა, ევროპის ქვეყნების დაფინანსებით ამერიკული იარაღი უკრაინას გადაეცეს.





