4 ოქტომბერი

"ტყიდან იარაღი რომ ამოიღეს, მაგაზე მიბარებენ" – ახალაიას ცოლის თქმით, სუსში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის ცნობით, სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც ნადარეიშვილი წერს, საქმე ეხება 4 ოქტომბრის ღამეს, თბილისის მახლობლად, ტყეში ნაპოვნ იარაღს. 

"მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. 

ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე" - წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ამ წუთებში გამოკითხვაზეა შსს-ში თავად ბაჩო ახალაიაც. 

შსს-ს ცნობით, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

ახალაია გამოკითხვაზე შესვლამდე აცხადებდა, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც სამთავრობო მედიამ 4 ოქტომბერს გაავრცელა, არის "ათასი პროცენტით ფალსიფიცირებული, არათუ სიტყვა ბგერა არ არის" მისი. 


ცნობისთვის, 5 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მათ მიერ მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

საქმეზე ბრალი საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ს წარედგინა, მასზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები